უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთს სურს, უკრაინას „უხერხულ საკითხებზე“ დიალოგის დაწყება აიძულოს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთს სურს, უკრაინას „უხერხულ საკითხებზე“ დიალოგის დაწყება აიძულოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია მათი ქვეყნის საზღვრებთან ჯარების თავმოყრას „უხერხულ საკითხებზე“ დიალოგის დაწყების იძულებისთვის იყენებს.

როგორც მედია წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი იტყობინება.

„ამჟამად უკრაინის საზღვართან რუსული შენაერთების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ეტაპობრივი გადაყვანა ფიქსირდება. სწავლებების ტერიტორიებიდან რუსული ჯარების პირადი შემადგენლობის გადანაწილება მიმდინარეობს, თუმცა წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებში მხოლოდ პერსონალი ბრუნდება, ხოლო საბრძოლო და სხვა სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვართან რჩება. ასეთ ქმედებებს აქვს ტაქტიკური მიზანი – ეს არის ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე და ზეწოლა სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებზე, რათა აიძულონ დიალოგი რუსეთის ფედერაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე. ამის მიზანი უკრაინაზე სრული კონტროლის აღდგენა, ასევე ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩაშლაა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. 13 დეკემბრის მოცემულობით, აზოვის ზღვის დაახლოებით 70% გადაფარულია. ასეთი გადაფარვები სისტემურად ხდება და აფერხებს თავისუფალ ნავიგაციას აზოვის ზღვაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მორიგე ნაწილები 24-საათიან მზადყოფნაში არიან. მასში ჩართულია ათასზე მეტი სამხედრო და ასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს ხიდების, ჰიდროელექტროსადგურების, ატომური ელექტროსადგურების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გადაფარვას. უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ირგვლივ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საფრთხის შემცველი მიმართულებებით მიღებულია ზომები ამ ობიექტების საჰაერო სივრცის გასაძლიერებლად. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დროულად მიეწოდება სადაზვერვო ინფორმაცია და გადაწყვეტილებებს იღებს ოპერატიულად“, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ უკრაინის დაზვერვა მუდმივად ცვლის ინფორმაციას პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან.