უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პარტნიორებისგან აუცილებელი დახმარების ათი პროცენტი აქვთ მიღებული
უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელი სამხედრო დახმარების დაახლოებით 10 პროცენტი მიიღო, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სატელევიზიო მარათონის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„იქიდან, რაზეც უკრაინა აცხადებდა, რომ გვჭირდებოდა, დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10%“, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები დღეში დაახლოებით 5-6 ათასი საარტილერიო ჭურვს იყენებენ, რუსეთი კი, 10-ჯერ მეტს.
„დღეს უკრაინა იყენებს მთელ თავის შესაძლებლობას და ძალას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. რუსეთის შეიარაღების, სამხედროების რაოდენობის შესაძლებლობები გაცილებით მაღალია. რა ძალისხმევასაც უნდა მიმართოს უკრაინამ, რამდენად პროფესიონალიც უნდა იყოს ჩვენი არმია, პარტნიორების დახმარების გარეშე, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ“, – განაცხადა ანა მალიარმა.
მალიარის თქმით, ახლა აუცილებელია დაისვას შეკითხვები სამხედრო დახმარების მიწოდების მკაფიო ვადების შესახებ.
„ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არა მხოლოდ დათანხმდებიან დახმარებაზე, როგორც ეს უკვე გააკეთეს, არამედ ასევე იქნება მკაფიო ვადები და ეს იქნება უახლოესი ვადები, ასევე ეს იქნება სწორედ ის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.