უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ოპერაციების შედეგად, რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა

23:08, 04.10.2026

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა.

„ეს არის კარგად გააზრებული, თანმიმდევრული და სისტემური მოქმედებების შედეგი, რომლის მიზანიც რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტება და მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურებაა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ იერიში მიიტანა მოსკოვის, იაროსლავლის, კირიშის, უსტ-ლუგის, პერმის, ილსკის, სარატოვის, სიზრანისა და სხვა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე.

„ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ის მწყობრიდან გამოყვანა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მტრის ეკონომიკას, ასევე მის შესაძლებლობას, განახორციელოს აგრესია და მოამარაგოს საკუთარი სამხედრო დანაყოფები. ჩვენი „ღრმა დარტყმები“ ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ევგენი ხმარას თქმით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი შორ მანძილზე მოქმედი დრონებია, რომლებიც რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას იძლევა.

„წელს მათი წარმოება და შესყიდვები სამჯერ გავზარდეთ. მომავალშიც გავაგრძელებთ შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერებას“,  – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი