უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა უკრაინის საზღვაო ძალების ვებგვერდზე თავდასხმა განახორციელეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა უკრაინის საზღვაო ძალების ვებგვერდზე თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ჰაკერებმა უკრაინის საზღვაო ძალების ვებგვერდზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განახორციელეს და შავ ზღვაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო სწავლების „სი ბრიზ-2021“-ის (Sea Breeze 2021) შესახებ ყალბი ანგარიშები გამოაქვეყნეს. სამინისტროს ცნობით, სამხედრო-საზღვაო ძალების ვებგვერდის მუშაობა უახლოეს პერიოდში აღდგება. კიევმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება კიბერთავდასხმების ორგანიზებაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ფარგლებში მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინის ბრალდებებს უარყოფს.

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2021“ 28 ივნისიდან 10 ივლისამდე იმართება, რომლის ძირითადი მონაწილეები უკრაინა, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ლატვია არიან. სამხედრო წვრთნებში 4 000-მდე ჯარისკაცი და 40 საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს.

პარალელურად, ნატო-ს სწავლებით შეშფოთებული რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე საკუთარი საზღვაო ძალების სწავლებასა და თავდაცვის სისტემების გამოცდას ახორციელებს.