უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - ყველა ვალდებულება შევასრულეთ, თუმცა რუსეთმა გასცა სიები, რომლებიც სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს არ შეესაბამება
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ტყვეთა გაცვლის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომში დაღუპულთა ცხედრების გადაცემასა და სამხედრო ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულეს და რუსეთს გაცვლისთვის საჭირო სიები გადასცეს, თუმცა რუსეთმა საპასუხოდ გასცა სიები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მიღწეულ შეთანხმებებს.
„ნამდვილად იყო მიღწეული შეთანხმება. თუმცა თარიღი არ იყო შეთანხმებული. რუსულმა მხარემ მიმართა ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც არ იყო შეთანხმებული ერთობლივი პროცესის ფარგლებში“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს „თამაშის წესების შეცვლას“ უკვე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რუსეთს მოუწოდებენ, არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლებები და არ გააკეთონ ყალბი განცხადებები.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო.