უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში ანტიკორუფციული სამმართველოს გადატვირთვისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის დანერგვის შესახებ განაცხადა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში ანტიკორუფციული სამმართველოს გადატვირთვისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის დანერგვის შესახებ განაცხადა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა სამინისტროში ანტიკორუფციული სამმართველოს გადატვირთვისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის დანერგვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„კორუფციის პრევენციასა და აღკვეთას რაც შეეხება, ვმოქმედებთ შემდეგი მიმართულებებით. პირველი – ვახორციელებთ თავდაცვის სამინისტროს ანტიკორუფციული სამმართველოს გადატვირთვას, ვეძებთ კადრებს; მეორე – ვაყალიბებთ საზოგადოებრივ ანტიკორუფციულ მექანიზმს, ღია ვართ თანამშრომლობისთვის“, – წერს რეზნიკოვი.

როგორც კორუფციასთან ბრძოლის არასამთავრობო ცენტრმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტრომ ისინი მიიწვია სამუშაო ჯგუფში საზოგადოებრივი ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის საკითხების შესასწავლად. ცენტრში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ გეგმავენ.

„გვაპატიეთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნდობა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ წავიდეთ სამუშაოდ ჯგუფში გაურკვეველი უფლებამოსილებებით და მიზნით“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, იანვრის შუა რიცხვებში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო უკრაინის არმიისთვის პროდუქტებს კიევის მაღაზიებში არსებულ ფასებზე 3-4-ჯერ ძვირად ყიდულობს. აღნიშნულ ცნობებს თავდაცვის სამინისტროში სიცრუე და მანიპულაცია უწოდეს. მოგვიანებით, თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპივალოვმა. ასევე, უწყების შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბოგდან ხმელნიცკი.