უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კორუფციული სკანდალის შემდეგ უწყებაში საკადრო ცვლილებები დააანონსა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კორუფციული სკანდალის შემდეგ უწყებაში საკადრო ცვლილებები დააანონსა

კორუფციული სკანდალის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა უწყებაში საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„მინდა, გაცნობოთ აქტუალური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ეხება თავდაცვის სამინისტროს საკადრო და სტრუქტურულ განახლებას მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად. იქნებიან მინისტრის ახალი მოადგილეები. შესაბამისი დოკუმენტები შესათანხმებლად უკვე წარვადგინე“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია სავარაუდო მოადგილეების ვინაობა და მათი რაოდენობა.

უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მინისტრის მოადგილის პოსტზე კანდიდატები არიან საქველმოქმედო ფონდის „დაბრუნდი ცოცხალი“ დამაარსებელი ვიტალი დეინეგა და სახალხო დეპუტატი, ყოფილი ელჩი კანადაში ანდრეი შევჩენკო.

შეგახსენებთ, რომ იანვარში უკრაინელი სამხედროებისთვის პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა.