უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა შაპოვალოვის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი წარდგინებით უკრაინის მინისტრთა კაბინეტს მიმართა.
მედიის ცნობით, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაზე, ითხოვა სამსახურიდან გაათავისუფლონ, რათა საფრთხე არ შეექმნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი შეინარჩუნებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას და უზრუნველყოფს ობიექტურობას დამატებითი დაზუსტებისა და შესაძლო გამოძიების დროს.
21 იანვარს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, უწყება ჯარისთვის განკუთვნილ საკვებს ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით ძვირად ყიდულობს. მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა.
მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ივან ლუკერამაც.
„გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღე, თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური და ბიუროკრატიული გარემოებების გამო, იურიდიულად გაფორმება დაემთხვა მიმდინარე კვირას“, – განაცხადა ლუკერამა.