უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი გეგმას ცვლის და შემდეგი თავდასხმისთვის ემზადება
ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაცია უარს არ ამბობს უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმებზე, მაგრამ იძულებულია, შეცვალოს შეტევითი გეგმა და ახლა საოკუპაციო ჯარები შემდეგი თავდასხმისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
ანა მალიარის თქმით, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან რუსული ჯარების გაყვანის მიუხედავად, შეტევის საფრთხე მთელ უკრაინაში კვლავ რჩება. მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საბრძოლო შესაძლებლობების გარეშე დატოვეს ის რუსი ოკუპანტები, რომლების კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან გავიდნენ.
„ომის დაწყებამდე მათ ჰქონდათ გარკვეული სტრატეგია, მაგრამ რადგან არ გამოუვიდათ, ახლა იძულებული არიან, ძალიან მოკლე დროში შცვალონ ტაქტიკა“, – განაცხადა ანა მალიარმა.
მალიარის თქმით, რუსი სამხედროები ახლა ზრდიან ტექნიკის რაოდენობას საზღვრის გასწვრივ, აძლიერებენ დაზვერვას და ადგენენ თავდასხმის ახალ მიმართულებებს, ასევე აანალიზებენ ომის მიმდინარეობას. გარდა ამისა, მალიარმა აღნიშნა, რომ ისინი არ ელოდნენ უკრაინისგან ასეთ თავდაცვას, რადგან ეს იყო მეტად ინტელექტუალური, ვიდრე ძალისმიერი.