უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მას მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს. წეროვანში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და გრიგოლ გიორგაძე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები მოინახულეს და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს სპორტული, სავარჯიშო, კალათბურთისა და აკვათერაპიის დარბაზების მონახულების საშუალებაც ჰქონდათ.

მოგვიანებით ანდრი ტარანმა საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვილილსთვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ღირსების მედლით დააჯილდოვა. მინისტრმა სხვადასხვა ჯილდო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებსაც გადასცა.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ანდრი ტარანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტისთვის, ზოგადად, ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კავშირები, მათ შორის, რეაბილიტაციის ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიღება გაგრძელდება.