უკრაინის თავდაცვის მინისტრი - გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი გახდა ევროპული, ახლა ნახევარი ევროპა კრებს, ალაგებს, მოაქვს ჩვენთან იარაღი და დამცავი აღჭურვილობა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი გახდა ევროპული, ახლა ნახევარი ევროპა კრებს, ალაგებს, მოაქვს ჩვენთან იარაღი და დამცავი აღჭურვილობა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ომი ევროპული გახდა. განცხადებას რეზნიკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

„გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა, ომი გახდა ევროპული. ის, როგორც იქნა, გააცნობიერეს. უკვე ახლა ნახევარი ევროპა კრებს, ალაგებს, მოაქვს ჩვენთან იარაღი და დამცავი აღჭურვილობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სახელმწიფოების წრე, რომლებიც ჩვენ რეალურად გვეხმარებიან. გაიზარდა მისი მასშტაბები“, – წერს მინისტრი.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს ევროკავშირის ინიციატივას, გამარტივებული წესით, ფორმალური პროცედურების გარეშე შეიფაროს უკრაინელი ლტოლვილები.

„ევროპამ უკვე მიანიჭა დროებითი თავშესაფარი ათობით ათას იმ ადამიანს, ვისი გადარჩენაც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა – ჩვენს შვილებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, როგორც თავისიანებს. ახლა დასავლეთით ჩვენ არ გვაქვს საზღვარი. თუმცა, მხარდაჭერა გვაქვს სამხრეთითაც, შორეულ აღმოსავლეთშიც და ატლანტიკის მიღმაც. ყველაფერი ეს უკრაინელი ხალხის დამცველთა დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა, დამორჩილებოდა გაცოფებულ ტირანს და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას“, – წერს რეზნიკოვი.