უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ
უკრაინის დელეგაცია ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა, რომელმაც ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ ვანახლებთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატს“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა-ნატო-ს განახლებული პარტნიორობა იქნება უფრო მეტად ორიენტირებული კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებზე.ზაგოროდნიუკმა ახალ ფორმატს „ერთი ქვეყანა – ერთი გეგმა“ უწოდა.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეგორ ბოჟოკმა განაცხადა, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ნატო-სა და უკრაინას შორის არსებული პროგრამების შესრულებას და უკრაინისა და ალიანსის პარტნიორობას უფრო გამჭვირვალეს გახდის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ახალი გეგმის შესრულების განრიგის შემუშავებაზე შეთანხმდა. მისი თქმით, დასახული ამოცანების შესრულებას საბოლოოდ ნატოს სპეციალისტები შეაფასებენ.
ზაგოროდნიუკმა კიევისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად ნატო-ს სამხედრო სტანდარტებზე გადასვლა დაასახელა, რისთვისაც უკრაინა საგზაო რუკას შეიმუშავებს. ზაგოროდნიუკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა.