უკრაინის თავდაცვის ექსმინისტრი: რუსეთი ერთ კვირაში იმაზე მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე უკრაინა დასავლეთისგან რამდენიმე თვეში იღებს
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი, ერთ კვირაში, იმაზე მეტ რაკეტას უშვებს, ვიდრე პარტნიორები უკრაინას რამდენიმე თვის განმავლობაში აწვდიან.
მან ამის შესახებ სერგეი სტერნენკოსთან ინტერვიუში ისაუბრა.
„პირდაპირ ეთერში ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი რაკეტაა და ა.შ. მაგრამ მინდა ვთქვა – და ეს უკვე არაერთხელ განუცხადებიათ ოფიციალურ პირებს საჯაროდ, – რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი თვეში, ან კვირაშიც კი, იმაზე მეტ რაკეტას აწარმოებს, ვიდრე ჩვენ ვიღებთ გარკვეული პერიოდის, იყოს ეს ერთი თვე თუ რამდენიმე თვე, განმავლობაში. ეს დიდი პრობლემაა: ამ რაკეტების წარმოების ტემპი ისეთია, რომ ამერიკა მას ფეხს ვერ უწყობს. ის ვერ ახერხებს საკმარისად სწრაფად მიჰყვეს ტემპს საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, აღარაფერს ვამბობ ჩვენსაზე“, – განაცხადა მან.
ექსმინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე წყარო, საიდანაც რაკეტების მიღება შეიძლება. მათ შორის არის ჭარბი ევროპული მარაგები.
„ეს, არსებითად, არის ევროპული ქვეყნების მარაგები, თუმცა მარაგებში მათ, შესაძლოა, სულ რაღაც ხუთი ან ათი რაკეტა ჰქონდეთ. თუ 50-ზე მეტი რაკეტა აქვთ მარგში, ეს უკვე რაღაც სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა. სწორედ ამიტომ, საერთო სიტუაცია ევროპაში ძალიან უარყოფითია“, – განმარტა მან.
ფედოროვმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მინისტრის რანგში რამშტაინში თავისი პირველი სტუმრობის დროს რაკეტებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე.
„მახსოვს ჩემი პირველი „რამშტაინი“ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში. როდესაც ჩავედი, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფორმატი დამხვდა – მსოფლიოს ყველა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო შეკრებილი. „რამშტაინის“ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის ქვეშ აღმოვჩნდით. იმ პერიოდში ენერგეტიკულ სექტორზეც მიმდინარეობდა იერიშები. მივხვდით, რომ აშშ-ის სამხედრო მიწოდებები საკმარისი არ იყო სრული დაცვის უზრუნველსაყოფად და ახალი თავდასხმებისთვის მოსამზადებლად. ამიტომ, ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესთან ერთად ინფორმაციის შეგროვება დავიწყეთ. შევადგინეთ სია, თუ რამდენი რაკეტა ჰქონდა თითოეულ ქვეყანას. მაგიდის გარშემო დაახლოებით 50 თავდაცვის მინისტრი იჯდა. მივდივართ თითოეულთან და ვეუბნებოდით: „თქვენ მარაგში ამდენი რაკეტა გაქვთ; გთხოვთ, მოგვცეთ ორი რაკეტა“, „ბატონო პოლონეთის თავდაცვის მინისტრო, გთხოვთ, ამდენი რაკეტა გადმოგვცეთ“ და ა.შ. ასე, თითოეული ქვეყნისგან ორი-სამი რაკეტის თხოვნით, ნელ-ნელა დავიწყეთ საჭირო მარაგის შეგროვება“.
ექსმინისტრმა დასძინა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი რაკეტების საკითხში იმ დროს უკრაინას ძალიან დაეხმარა.