უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაღესტანსა და მორდვეთის რესპუბლიკაში ქარხნები დაბომბეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციაში – დაღესტანსა და მორდვეთის რესპუბლიკაში ქარხნები დაბომბეს.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში 22 ოქტომბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ფედერაციაში არაერთი სტრატეგიული სამიზნე, მათ შორის მორდვეთის რესპუბლიკაში მდებარე სარანსკის მექანიკური ქარხანა დაბომბეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქარხანაში აფეთქებები მოხდა. ქარხანა აწარმოებს ქვეითსაწინააღმდეგო საინჟინრო საბრძოლო მასალას, ნაღმების ნაკრებებს და საბრძოლო მასალის დეტონატორებს. გარდა ამისა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დაღესტნის რესპუბლიკაში, მახაჩყალის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა.