უკრაინის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განხორციელეს ორ რუსულ გემზე, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განახორციელა ორ რუსულ გემზე, „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა ავრცელებს.
გემებს კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან დაარტყეს.
სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოძრაობა „შავი ნაპერწკლის“ წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ გემებს ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო აშშ-ის მიერ სანქციები აქვთ დაწესებული.