უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ გამოძიების შედეგად მალე გაირკვევა, უკრაინაში ავიაკატასტროფა იყო დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა 
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ გამოძიების შედეგად მალე გაირკვევა, უკრაინაში ავიაკატასტროფა იყო დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ ბროვარში ავიაკატასტროფის მიზეზს გამოძიება დაადგენს და მალე გაირკვევა, ეს დივერსია იყო, ტექნიკური გაუმართაობა თუ ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა.

აღნიშნულის შესახებ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეები – შს მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი და იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ ბროვარში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში. დაიღუპა ასევე ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა. გამომძიებლები ტრაგედიის მიზეზებს ადგენენ. ჩვენ მალე გავიგებთ, ეს იყო დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა თუ ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა“, – წერს გერაშენკო.

გერაშენკო სამძიმარს უცხადებს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.

„დენისი, ჟენია, იური – თითოეული, ვინც იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე, იყვნენ უკრაინის პატრიოტები. თითოეული თავის ადგილას იცავდა და აძლიერებდა უკრაინას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით. თქვენი ოჯახები ყოველთვის იქნებიან მეგობრებისა და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ“, – წერს გერაშენკო.

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. არსებული მონაცემებით, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – იური ლუბკოვიჩი.