უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური - ჩვენ შევძელით მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის წართმევა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური - ჩვენ შევძელით მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის წართმევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა. ამის შესახებ განცხადება ზალუჟნიმ ნატო-ს სამხედრო მეთაურების სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან დაიწყება რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია, რისთვისაც უკრაინის არმია ემზადებოდა.

„ჩვენ მკაფიოდ ვხვდებოდით, რომ პირველი თვე იქნება გარდამტეხი მომენტი. ჩვენ ჩამოვართვით მოწინააღმდეგეს სტრატეგიული ინიციატივა, კრიტიკული დანაკარგი მივაყენეთ მათ და ვაიძულეთ, უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე – კიევის დაკავებაზე“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები მეთაურის თქმით, დღეს უკრაინელი სამხედროები მხოლოდ თავს არ იცავენ.

„ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა. მოვახერხეთ ხარკოვის და ნიკოლაევის განბლოკვა“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, მარიუპოლის დამცველებმა შეაკავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ჯგუფი, რამაც მისცა უკრაინის არმიას დრო და შესაძლებლობა, მოეწყოთ დაცვის პოზიციები სხვა მიმართულებით.

ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსულ კრეისერ „მოსკოვის“ გარდა კიდევ სამი გემის დაზიანება შეძლეს. მიუხედავად ამისა, რუსეთის არმია აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს, რომელთა ინტენსივობაც საკმაოდ მაღალია და საშუალოდ 24 საათში 10-14 ბალისტიკურ რაკეტას შეადგენს.

„ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატო-ს ქვეყნებისთვისაც. ყოველი ასეთი რაკეტა 400-600 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

დატოვე კომენტარი