უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით დილის მონაცემებს აქვეყნებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით დილის მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ლუგანსკის ოლქის საავადმყოფოებში 300-ზე მეტი მსჯავრდებულია გადაყვანილი, რომლებიც უკრაინაში საომრად გააგზავნეს. მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რუსეთის არმიამ დაკარგა 85 ჯარისკაცი, რომლებიც დაიჭრნენ და ბრძოლას ვერ აგრძელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა მიიტანეს. ამასთან, 80-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. რუსეთის არმიამ სულ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მისამართით მიიტანა დარტყმები. მათ შორის, ღამით დაიბომბა ხარკოვი. შედეგად, რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები.

ამასთან, გენშტაბის ყოველდღიურ ცნობაში ნათქვამია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეტევის მცდელობის მოგერიება 17 დასახლებულ პუნქტთან შეძლეს.

ასევე უკრაინელების მიერ განადგურებულია რუსეთის არმიის მიერ მდინარეზე მოწყობილი პონტონური გადასასვლელი. უკრაინის ავიაციამ ბოლო 24 საათში რუსეთის პოზიციებსა და სამხედრო ობიექტებზე 30 ავიაიერიში მიიტანა. განადგურებულია და დაზიანებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ჩამოგდებულია ორი ვერტმფრენი და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი. მწყობრიდან გამოყვანილია რუსეთის კუთვნილი ექვსი საზენიტო დანადგარი.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიის დანაკარგი 62 000-ს სამხედრო მოსამსახურეს აჭარბებს.