უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთმა რეკორდული რაოდენობის უპილოტოებით შეუტია უკრაინას
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანეს უპილოტოებითა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათივე ცნობით, შეტევაში გამოყენებული იყო 805 დრონი, როგორც დამრტყმელი, ისე იმიტატორი.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა 9 ივლისის ღამეს. მაშინ რუსეთმა გამოიყენა 728 უპილოტო და, ასევე, რაკეტები.
ახლა, საჰაერო ძალების ცნობით, დამატებით გამოყენებული იყო „ისკანდერის“ 13 რაკეტა.
7 სექტემბრის დილის მდგომარეობით, განადგურებულია 751 საჰაერო სამიზნე. მათ შორის 747 უპილოტო და ოთხი რაკეტა.
„ცხრა რაკეტა და 56 დრონი სამიზნეს მოხვდა 37 ლოკაციაზე“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათივე ცნობით, თავდასხმა გრძელდება, უკრაინის საჰაერო სივრცეში კვლავ რამდენიმე დრონი რჩება.