უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ლიმანში შესვლას ადასტურებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ მოკავშირეების ძალები ლიმანიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გავიდნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ლიმანში შესვლას ადასტურებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ მოკავშირეების ძალები ლიმანიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების ცნობით, უკრაინის არმიის დანაყოფები ქალაქ ლიმანში შევიდნენ, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ალყაში მოქცევის საფრთხის გამო მოკავშირეების ძალები ლიმანიდან გავიდნენ და უკეთეს პოზიციებზე გადაჯგუფდნენ.

ქალაქ ლიმანს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. ქალაქზე კონტროლის დამყარებით, უკრაინის არმია დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე ფაქტობრივ კონტროლს აიღებს და კარგ დასაყრდენს შეიქმნის ლუგანსკის ოლქში მყოფი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად.

30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.