უკრაინის შეიარაღებული ძალები - დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკში ურბანული ბრძოლები გრძელდება რუსების ჯგუფებთან, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეღწევა
დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკში ურბანული ბრძოლები გრძელდება რუსების ჯგუფებთან, რომლებმაც ძალებისა და რესურსების რიცხობრივი უპირატესობის წყალობით მოახერხეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეღწევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ჯარების (SR AAT) მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქის დაცვისთვის ბრძოლებში უკრაინის პოზიციები ცოტა ხნის წინ გაძლიერდა ახალი დანაყოფებით. კერძოდ, მოიერიშე ჯარებით, არტილერიით, უპილოტო საფრენი აპარატების ეკიპაჟებით და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებით.
სამხედრო ცნობების თანახმად, ქალაქში შესული რუსი სამხედროები არ ცდილობენ პოზიციების განმტკიცებას, არამედ ჩრდილოეთისკენ წინსვლას გეგმავენ, რითიც უკრაინის თავდაცვის ძალების დაშლას და ქალაქში სახმელეთო ლოგისტიკური დერეფნების ბლოკირებას აპირებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს სამხედროებს აქვთ პოკროვსკსა და მირნოგრადში გადაადგილებების მონიტორინგის შესაძლებლობა. პარალელურად, დონეცკს სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქის დიდ ნაწილს უკვე რუსი სამხედროები აკონტროლებენ.