უკრაინის შეარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს
უკრაინის შეარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს

უკრაინის შეარაღებული ძალების მეთაურის თქმით, რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს. ამის შესახებ ალექსანდრ სირსკიმ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. მისი თქმით, ზოგიერთ მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ძალისხმევაა კონცენტრირებული, ეს უპირატესობა, შეიძლება, ოთხმაგი ან ექვსმაგიც კი იყოს.

„ჩვენი მეტოქე იყენებს „მცოცავი“ გადაადგილების ტაქტიკას ქვეითთა მცირე ჯგუფებით, ისინი ცდილობენ შეღწევას დასახლებულ პუნქტებში, პოზიციებს შორის არსებულ სივრცეს იყენებენ და თავს არიდებენ საბრძოლო შეტაკებებს“, – წერს სირსკი.

მისივე თქმით, 2025 წლის აგვისტო უკრაინისთვის დიდი გამოცდის თვე იყო, თუმცა საბოლოოდ არაერთი პოზიტიური შედეგიც მიღწეულა.

უკრიანის შეიარაღებული ძალების მეთაური უკრაინელთა წარმატებად აფასებს იმას, რომ არ იყო დაშვებული პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციაში უკრაინული ძალების პოზიციების გარღვევა და ალყაში მოქცევა. ასევე, მისივე თქმით, აღკვეთილი იყო ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით რუსეთის ძალების შეტევა.

„რუსები იძულებული გახდენენ, შეტევა გადაეტანათ ზაპოროჟიეზე და საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფები გადაეყვანათ დონეცკის ოლქში“, – განაცხადა სირსკიმ.

მისივე მტკიცებით, აგვისტოში რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ნაკლები მოცულობის ტერიტორიების დაკავება შეძლო. მისი თქმით, დობროპოლსკის მიმართულებით რუსეთმა დაიკავა 13,5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, მაგრამ დაკარგა 25,5 კვადრატუული კილომეტრი. პორკოვსკის მიმართულებით დაიკავეს ხუთი კვადრატული კილომეტრი, მაგრამ დაკარგეს 26 კვადრატული კილომეტრი.