უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცნობით, რეგისტრაცია დაიწყო იმ გემებისთვის, რომლებიც შავ ზღვაში დროებითი დერეფნით გადაადგილდებიან
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცნობით, რეგისტრაცია დაიწყო იმ გემებისთვის, რომლებიც შავ ზღვაში დროებითი დერეფნით გადაადგილდებიან

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცნობით, უკრაინამ რეგისტრაცია იმ საზღვაო გემებისთვის გახსნა, რომლებიც შავ ზღვაში დროებითი დერეფნით გადაადგილდებიან.

„რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და კოორდინატორი უკვე მუშაობს”, – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დმიტრო პლეტენჩუკმა.

მისივე თქმით, დროებითი მარშრუტები მიზნად ისახავს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევას და ეს საშუალებას მისცემს კომპანიებს, საბოლოოდ დაიბრუნონ თავიანთი სავაჭრო გემები, რომლებიც „ჰუმანიტარულ ტყვეობაში” არიან.

პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ გემის მფლობელები და კაპიტნები გაფრთხილებულნი არიან არსებული საფრთხის შესახებ და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაეხმარებიან სავაჭრო გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ხოლო საზღვაო ძალები „ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ”.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ გემები ახალი მარშრუტების გამოყენებას.
პლეტენჩუკმა ასევე არ დაასახელა განსაზღვრული ხანგრძლივობა, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია დერეფნები და თქვა, რომ „ყველაფერი დამოკიდებულია შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე“.