უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინა ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს
უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
„ჩვენი პარტნიორები გადმოგვცემენ „მიგ-29“-სა და „სუ-25“-ს! აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი ბაზირება პოლონეთის აეროდრომებზე, რომლებიდანაც უკრაინელი მფრინავები საბრძოლო ამოცანებს შეასრულებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, თვითმფრინავებს უკრაინა ევროკავშირის სამი ქვეყნისგან მიიღებს. კერძოდ, პოლონეთი გადასცემს „მიგ-29“ ტიპის 28 თვითმფრინავს, სლოვაკეთი – „მიგ-29“ ტიპის 12 თვითმფრინავს, ხოლო ბულგარეთი „მიგ-29“ ტიპის 16 თვითმფრინავს და „სუ-25“ ტიპის 14 თვითმფრინავს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად და მისაწოდებლად 450 მილიონი ევრო გამოყო.