უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას 160 უპილოტო საფრენი აპარატითა და „ისკანდერის“ ტიპის ორი რაკეტით შეუტია, მათ 87 დრონის ჩამოგდება შეძლეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას 160 უპილოტო საფრენი აპარატითა და „ისკანდერის“ ტიპის ორი რაკეტით შეუტია.
მათი ცნობით, დილის 08:00 საათისთვის დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 87 დრონი. მათ შორის ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ნიკოლაევის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები ყირიმიდან ოდესის მიმართულებით გაუშვა, დრონები კი – ორლოვიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან და შატალოვოდან.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა უკრაინის ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, 70-მა რუსულმა დრონმა ვერ მიაღწია სამიზნეს.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, კიევის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქები.
„კიევის ოლქში, ბუჩისა და ობუხოვის რაიონებში დრონებმა დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა და ელექტრომომარაგება უკვე აღდგენილია“, – აცხადებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშნიკი.
კიევის ოლქში საჰაერო განგაშის რეჟიმი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მოქმედებდა.