უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი გაიტაცეს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი გაიტაცეს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მელიტოპოლის მერის გატაცებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.

უწყების ცნობით, დღეს ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ასევე რუსული არმიის მიერ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები.

„ერთ-ერთი ასეთი უხეში დარღვევა იყო 11 მარტს ქალაქ მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცება. რუსული ჯარები მეორე კვირაა, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებს და დაბომბვას ახორციელებენ, მერს ცინიკურად ტერორიზმში ადანაშაულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ უპასუხოს უკრაინაში ივან ფედოროვის და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს იგი, შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.