უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, ავიამიმოსვლის აღდგენას ელოდებიან
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, ავიამიმოსვლის აღდგენას ელოდებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი ენინი აცხადებს, რომ უკრაინა პოზიტიური სიგნალების საფუძველზე რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, ავიამიმოსვლის აღდგენას ელოდება. ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საერთაშორისო ავიმიმოსვლის აღდგენა 15 ივნისიდან დააანონსა. ჟურნალისტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან დაინტერსდა, თუ რომელ ქვეყნებთან აქვს უკრაინას მიღწეული შეთანხმება საზღვრების გახსნის საკითხზე.

„უკრაინა განიხილავს ავიაკავშირის გახსნის საკითხს პირველ რიგში იმ ქვეყნებთან, სადაც კონტროლირებად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ერთად, უკვე მოქმედებს რეგულარული ავიაკავშირი, ასევე არ არის შეზღუდვები უკრაინის მოქალაქეების მიღებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი საკითხების დამუშავებას ორმხრივ დონეზე და ახლა არის პოზიტიური სიგნალები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია, ველოდოთ ავიაკავშირის აღდგენას აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან, საქართველოსთან, თურქეთთან და კვიპროსთან. ჩვენი დიპლომატები აქტიური მოლაპარაკებების პროცესში არიან მთელ რიგ სახელმწიფოებთან და პროგრესის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ენინმა.