უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს
უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს

უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უკრაინა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი არის რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, მოახდინოს სიტუაციის ლეგიტიმაცია საქართველოს რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მათ შორის მოახდინოს „ეთნიკური წმენდისა“ და უამრავი სხვა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების ლეგიტიმაცია. უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს. მათ შორის იმ ნაბიჯებს, რომლებიც ეფუძნება ინიციატივას სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც მიზნად ისახავს „ქართველებისა და ოსების შერიგებას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.