უკრაინის საგარეო უწყება პოლონეთის პრეზიდენტს პასუხობს - უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში მომავალი წევრობის განხილვა ნაადრევი არ არის
უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა ნაადრევი არ არის, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მიმდინარე ომის გამო უნდა გადაიდოს.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მომავალი დაკავშირებულია ნატო-სთან, ხოლო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი – ევროკავშირთან.
„ამავდროულად, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის წევრობა ამ ალიანსებში უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისა და ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ეს არ არის გაზვიადება, არამედ თანამედროვე რეალობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს პოზიცია დადასტურდა როგორც ნატო-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, ასევე პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, პოლონეთის ლიდერების განცხადებებში.
„დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში მომავალი წევრობის განხილვა ნაადრევი არ არის. პირიქით, ეს სტრატეგიულად აუცილებელია რუსეთის მიერ უკრაინისა და მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოლონეთის მიერ 2022 წლიდან უკრაინის მხარდაჭერაში გამოჩენილ ლიდერობას, მათ შორის სამხედრო დახმარებას, უკრაინაში საერთაშორისო დახმარების ლოგისტიკური ცენტრის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. დარწმუნებულები ვართ, რომ პოლონეთის სახელმწიფოსა და ხალხის ეს სოლიდარობა დღეს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს უყრის საფუძველს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი უნდა გადაიდოს მიმდინარე ომის გამო. მისივე თქმით, ნაადრევად მიაჩნია დისკუსია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლობით გრძელდებოდა და ბევრი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის გავლენა ეკონომიკურ და ბიზნესსექტორებზე.