უკრაინის საგარეო უწყება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვებაზე გადაწყვეტილებას გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს
უკრაინის საგარეო უწყება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვებაზე გადაწყვეტილებას გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს

უკრაინის საგარეო უწყება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვებაზე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ნაადრევს და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებას უწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების მხრიდან ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მხედველობაში მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების უკრაინიდან გამგზავრების თაობაზე და ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატივს სცემენ უცხო სახელმწიფოების უფლებას, უზრუნველყონ საკუთარი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და მიაჩნიათ, რომ ამერიკული მხარის ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ უცხო სახელმწიფოების უფლებას უზრუნველყონ საკუთარი დუპლომატიური მისიების უსაფრთხოება, მიგვაჩნია რომ ამერიკული მხარის ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებაა“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ახლა დატოვებს უკრაინას. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საელჩო გააგრძელებს მუშაობას და სურვილის შემთხვევაში, დიპლომატიური მისიის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყანა დატოვონ, თუმცა მათი გამგზავრება არ არის სავალდებულო.

ამასთან, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია ამჟამად აქტიურ ძალისხმევას მიმართავს უკრაინის შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. მათივე ცნობით, უკრაინულ და საერთაშორისო მედიასივრცეში ვრცელდება დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და სიყალბის შემცველი ინფორმაციის დიდი რაოდენობა, რათა უკრაინელებსა და უცხოელებში დაითესოს პანიკა და შეარყიოს ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური სტაბილურობა.

სამინისტროს განცხადებით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია რისკების ფხიზლად შეფასება და სიმშვიდის შენარჩუნება.

რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. საკუთარი საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

დატოვე კომენტარი