უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვლადიმერ პუტინის განცხადება, თითქოს უკრაინა დონბასში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, სინამდვილეს არ შეესაბამება, უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფის
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვლადიმერ პუტინის განცხადება, თითქოს უკრაინა დონბასში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, სინამდვილეს არ შეესაბამება, უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფის

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, თითქოს უკრაინა დონბასში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, სინამდვილეს არ შეესაბამება, უკრაინა მხოლოდ მშვიდობისკენ მიისწრაფის, – ასე გამოეხმაურნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას.

კომენტარი „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკეთა.

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადება უკრაინის მიერ დონბასში „სამხედრო ოპერაციის“ მზადების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინა მიისწრაფის მხოლოდ მშვიდობისკენ. უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან მშვიდობიანი პროცესის ამოძრავებისკენ მიმართული მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში, ნათლად აჩვენებს უკრაინის ერთგულებას შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით დარეგულირებისადმი. მეტიც, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და ჩვენმა დელეგაციამ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უდიდესი სამუშაო შეასრულეს, რათა გუშინ მიეღწიათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებისთვის“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, ყურადღება მიმართოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ და აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენ.

„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაშორიშორების ხაზის ორივე მხარეს მყოფი ადამიანები იმსახურებენ მშვიდობისა, განსაკუთრებით საახალწლო დღესასწაულების წინ“, – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში ვითარების გადაწყვეტა სამხედრო ძალის გამოყენებით უკვე ორჯერ სცადა და მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მესამე სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, ამზადებდნენ მესამე სამხედრო ოპერაციას და ჩვენ წინასწარ გვაფრთხილებენ, არ ჩავერიოთ, არ დავიცვათ ეს ადამიანები, ჩაერევით და დაიცავთ – ახალი სანქციები დაგიწესდებათ. შესაძლოა, ამისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.