უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩვენ საქართველოსთან ერთად ვდგავართ, პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლთა ხსოვნას და ვიზიარებთ ამ დანაკარგს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩვენ საქართველოსთან ერთად ვდგავართ, პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლთა ხსოვნას და ვიზიარებთ ამ დანაკარგს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ​აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და გაგრძელდა საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერი ოკუპაციით, ასევე რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ფაქტობრივ ანექსიას.

„ჩვენ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვიზიარებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებზე, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ შესრულებას.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ აგრესორის შეკავების პოლიტიკამ, რუსეთ-საქრთველოს კონფლიქტი გაყინა და ხელები გაუხსნა აგრესორს რაც 2014 წელს უკრაინაში პირდაპირი სამხედრო აგრესიით დასრულდა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააგრძელოს კონსოლიდირებული ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ აღდგეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიერ დარღვეული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„ამ დღეებში ჩვენ საქართველოსთან ერთად ვდგავართ, ვგლოვობთ ომის მსხვერპლს, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვიზიარებთ ტკივილს და ამ დანაკარგს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.