უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ქართველი კოლეგები ჩვენზე ბევრად წინ არიან წასულები ყველა სფეროში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ქართველი კოლეგები ჩვენზე ბევრად წინ არიან წასულები ყველა სფეროში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღიარებენ, რომ უკრაინა ჩამორჩება საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით, ამის შესახებ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელენა ზერკალმა უკრაინული „მეხუთე არხის“ ეთერში განაცხადა.

ზერკალის თქმით, ივლისში ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის წინ, მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ ართმევს უკრაინა თავს რეფორმების განხორციელებას.

„რამდენადაც ვიცი, ჩვენი ქართველი კოლეგები ჩვენზე ბევრად წინ არიან წასულები ყველა სფეროში რეფორმების საკითხებში“, -განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, როგორც ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, საქართველო წინ უსწრებს უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

„ვისურვებდი, რომ ჩვენთან უფრო მეტი პროგრესი მენახა. ის არის, თუმცა არა ისეთი, როგორც ქართველებს აქვთ. ჩვენ მათ ჩამოვრჩებით“, -აღნიშნა დიპლომატმა.

ამავე დროს, ელენა ზერკალმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოა და მას აქვს ღია კონფლიქტის პრობლემა.