უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასახლება ზოლოტოედან სამხედროებისა და შეიარაღების გაყვანა დაიწყო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასახლება ზოლოტოედან სამხედროებისა და შეიარაღების გაყვანა დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვადი პრისტაიკოს თქმით, დასახლება ზოლოტოეში სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი დაიწყო. მან ამის შესახებ განცხადება  ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

„სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი დღეიდან დაიწყო. შევფერხდით, რადგან ძალების უბრალო გაყვანა არ არის საკმარისი. აუცილებელი იყო, ეს გადაემოწმებინა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ მათ დრო მივეცით. ეუთომ დაადასტურა, რომ ზოლოტოეში, ბოლო გასროლა 18 რიცხვში ანუ 10 დღის წინ დააფიქსირეს. ზოლოტოეს შემდეგ ძალების გაყვანა დაიწყება პეტროვსკოედან“, – განაცხადა ვადი პრისტაიკომ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზოლოტოეში და პეტროვსკოეში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც მოხალისეებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან პირადად მოუწოდა მოხალისეებს შეიარაღება გაიყვანონ.