უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბრიუსელის სამიტზე „უკრაინა-საქართველო-ნატო-ს“ ერთობლივი სხდომა გაიმართება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბრიუსელის სამიტზე „უკრაინა-საქართველო-ნატო-ს“ ერთობლივი სხდომა გაიმართება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის თქმით, 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, უკრაინა-ნატოს სხდომის ნაცვლად, უკრაინა-საქართველო-ნატო-ს ერთობლივი სხდომა გაიმართება.

„დღევანდელი მდგომარეობით, იგეგმება უკრაინა-საქართველო-ნატო-ს ერთობლივი სხდომა. რატომ გადაწყდა ასე? არა იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ფორმატის არჩევის საშუალება არ გვაქვს. ვინაიდან ნატო-ს სამიტის დღის წესრიგი ისედაც გადატვირთულია. რეალურად, ისღა დაგვრჩენია, რომ სამიტზე ჩვენს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად წარვდგეთ“, – განაცხადა კლიმკინმა.

მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ერთად მიისწრაფვიან ნატო-სკენ.

„ჩვენ ერთობლივი მისწრაფება გვაქვს, რომ გავხდეთ ნატოს წევრები. ვატარებთ რეფორმებს. ამიტომ შესაძლებელია საუბარი საერთო მიზნისკენ მიმავალ საერთო გზაზე. ამას გარდა არსებობს დამატებითი ასპექტები, მაგალითისთვის, შავი ზღვის გარშემო უსაფრთხოება. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინსტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომის ჩატარებას უნგრეთი ბლოკავს. ამის მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული „განათლების შესახებ კანონია“, რომელის მიხედვითაც 2020 წლიდან უკრაინის ტერიტორიაზე განათლების მიღება უკრაინულ ენაზე იქნება სავალდებულო.

ბუდაპეშტში თვლიან, რომ აღნიშნული კანონი უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლეებებს არღვევს. უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომის ჩატარებას და კიევის ევროკავშირთან დაახლოებას მანამდე დაბლოკავს, ვიდრე კიევი „განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს არ შეიტანს.