უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

უკრაინის ქალაქ ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 15:45 საათის მონაცემებით, საერთო ჯამში, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ცხრავე პირი და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მყოფი ერთი ბავშვი. დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 11 მცირეწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი მგზავრობდნენ, დღეს დილით საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მინისტრთან ერთად, ვერტმფრენში იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი – ალექსანდრ ვასილენკო, კონსტანტინ კოველნკო და ივან კასიანოვი. ასევე, შსს-ის თანამშრომელი ტატიანა შუტიაკი და უკრაინის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მიხაილ პავლუშკო. ასევე, ფოტოგრაფი ნიკოლაი ანაცკი.