უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერებს, საპატრიარქოს ყველაზე საჭირო და რთულ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის​
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერებს, საპატრიარქოს ყველაზე საჭირო და რთულ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის​

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ანდრეი კასიანოვმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჰუმანიტარული დახმარების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. პროცესი გრძელდება. უკრაინა მადლობას ეუბნება საქართველოს მთელ მოსახლეობას ამ დახმარებისთვის. მადლობა საქართველოს ყველა რიგით მოქალაქეს, რომელიც უკრაინის დახმარების პროცესში იყო ჩართული, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერებს, საპატრიარქოს ყველაზე საჭირო და რთულ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ ყველა მოხალისის, რომელიც უკრაინიდან თუ საქართველოდან იყო და რომლებიც ყოველდღიურად ალაგებენ, აწყობენ და აგზავნიან ამ ჰუმანიტარულ დახმარებას.

დღეის მდგომარეობით, სულ შეიკრიბა და გაიგზავნა 580 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაგზავნილი იყო თვითმფრინავებით, ასევე 22 სპეციალური სატვირთო ავტომობილით. თანხები, რომლებიც აკუმულირდა საელჩოს ანგარიშებზე, იხარჯება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. რას ვყიდულობთ? საქართველოში ვყიდულობთ მედიკამენტებს, პოლონეთში საყოფაცხოვრებო ნივთებს, თურქეთში სპეციალურ სააფთიაქო ნაკრებებს. ყველაზე საჭირო პირველადი დახმარებაა საკვები, საბავშვო საკვები, მედიკამენტები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ამ თანხის გამოყენებას ყველაზე საჭირო ნივთებისთვის“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.