უკრაინის საელჩო - ვამოწმებთ სუს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, ვარკვევთ ყველა გარემოებას, ვიმედოვნებთ, ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს
უკრაინის საელჩო - ვამოწმებთ სუს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, ვარკვევთ ყველა გარემოებას, ვიმედოვნებთ, ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს

საქართველოში უკრაინის საელჩო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას.

„ვარკვევთ ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღო რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე“.

სუს-ის განცხადებით, „საქმის დეტალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს დაბრალებოდა“.