უკრაინის რადაში ვლადიმერ ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია გახდა
უკრაინის რადაში ვლადიმერ ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადას სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი რაზუმკოვმა გაავრცელა.
მისი თქმით, პარტია „ხალხის მსახური“ მეცხრე მოწვევის რადაში უმრაველოსობაში იქნება და 254 დეპუტატი ეყოლება, ფრაქციის თავმჯდომარე კი დავით არახამია იქნება. არახამია სოჭშია დაბადებული და ბავშვობაში გაგრაში ცხოვრობდა. 1992 წელს ის უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.
დევიდ ბრაუნის ფსევდონიმით ცნობილი არახამია არის საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია „თემფლეით მონსთერის“ დამფუძნებელი. ის ასევე გახლავთ მოხალისეობრივი პროექტის, „სახალხო ფრონტის“ იდეის ავტორი, რომლის მონაწილეებიც დონბასში მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარებიან.
2019 წლის ივლისში ზელენსკიმ არახამია სახელმწიფო კონცერნ „უკრობორნპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა.
რაც შეეხება ახალი მოწვევის რადაში ოპოზიციურ ფრაქციებს, ასეთი სულ ხუთი იქნება, მათ შორის იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“, რომლის შემადგენლობაშიც 25 დეპუტატია.
ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქცია პრორუსულ პარტიას „ოპოზიური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ჰყავს და მის შემადგენლობაში 44 დეპუტატია.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის მეცხრე მოწვევის რადას პირველი სხდომა დღეს გაიმართა.