უკრაინის რადაში ვადიმ რაბინოვიჩისთვის და იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ
უკრაინის რადაში ვადიმ რაბინოვიჩისთვის და იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ

უკრაინის რადაში სახალხო დეპუტატისთვის, ვადიმ რაბინოვიჩისთვის და „ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატისთვის, იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ.

შესაბამისი ინიციატივა უმაღლეს რადას რეგლამენტის, სადეპუტატო ეთიკისა და პარლამენტის მუშაობის ორგანიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი კალჩენკომ წარუდგინა.

შესაბამისი დადგენილებების პროექტები უკვე რეგისტრირებულია. ორივე დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის მანდატის შეწყვეტის მიზეზად რაბინოვიჩისა და ვასილკოვსკის შემთხვევებში მოქალაქეობის შეწყვეტა სახელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნულ დეპუტატებს უკრიანის მოქალაქეობა 2022 წლის 18 ივლისის განკარგულებით შეუწყვიტა.

ივლისში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე გავლენიან უკრაინელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა, მათ შორის ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, ბიზნესმენს და დნიპროს ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელს გენადი კორბანს, აკრძალული პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და პრეზიდენტის პარტიის ფრაქციის წევრ იგორ ვასილკოვსკის.