უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა
უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა

უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. უკრაინის რადამ ამ თანამდებობაზე რუსტემ უმეროვის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

მის კანდიდატურას რადას 338-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, თავი შეიკავა 21-მა დეპუტატმა. რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა.

უმეროვი მანამადე სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უმეროვი იყო იმ დელეგაციის წევრი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ის ასევე მონაწილეობდა შარშან საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებში, რომლის ფარგლებშიც კიევმა და მოსკოვმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე უმეროვმა ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა.