უკრაინის რადამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. რეჟიმი შუაღამიდან შევა ძალაში და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო რეჟიმის ამოქმედების ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. აღნიშნული რეჟიმი ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, საჭიროების შემთხვევაში, შემოიღოს კომენდანტის საათი, სამართალდამცველები კი, სამოქალაქო პირების ჩხრეკასა და შემოწმებას შეძლებენ. ასევე, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ციფრულ და რადიო საკომუნიკაციო სერვისებზე, რომლის საშუალებითაც, ხელისუფლების მოსაზრებით, შესაძლოა, წამქეზებლური მოწოდებები გავრცელდეს.
საგანგებო მდგომარეობა ასევე გულისხმობს, რომ სამხედრო პირებს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ ექნებათ.