უკრაინის ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს, საიდანაც კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტობუსებით გადაიყვანენ

17:08, 31.10.2026

უკრაინის ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის მოსახლეობა ჯერ ავტობუსით — რუსეთის ქალაქ ანაპაში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

ოლეშკიდან ევაკუირებულ მოსახლეობას ბელარუსში, გომელის აეროპორტში სამედიცინო პერსონალი და წითელი ჯვრის მოხალისეები დახვდნენ.

როგორც ცნობილია, ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტობუსებით გადაიყვანენ.

„ბოლო, მეოთხე თვითმფრინავი გომელში დაეშვა. რამდენიმე საათში ოლეშკიდან ევაკუირებული ყველა მოქალაქე, უკრაინულ დელეგაციასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე იქნება“, — განაცხადა ფრაქცია „ხალხის მსახუის“ ლიდერმა, დავით არახამიამ.

ცნობისთვის, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობისა და რომის პაპის მონაწილეობით მოხერხდა. როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, 27 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დარღვევების გარეშე მოქმედებს.

ოლეშკიში ჰუმანიტარული კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც, ადგილობრივების თქმით, ქალაქისთვის საკვების მიწოდება მაისში შეწყდა, რასაც ასობით ადამიანის შიმშილით სიკვდილი მოჰყვა.

27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 04:00 საათზე, ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის მომზადების მიზნით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა ოლეშკის დატოვება და რამდენი დარჩა ქალაქში.

მსგავსი