მედიის ცნობით, უკრაინის პროკურატურას ერთ-ერთმა დეპუტატმა გადასცა აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ პეტრო პოროშენკოს, ჯო ბაიდენისა და ჯონ კერის საუბრები ისმის
მედიის ცნობით, უკრაინის პროკურატურას ერთ-ერთმა დეპუტატმა გადასცა აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ პეტრო პოროშენკოს, ჯო ბაიდენისა და ჯონ კერის საუბრები ისმის

უკრაინის პროკურატურას გადასცეს აუდიო ჩანაწერები, რომელშიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხმებთან მიმსგავსებული ადამიანების საუბრები ისმის.

აუდიოჩანაწერები გენერალურ პროკურატურას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა გადასცა.

ამ ჩანაწერეს თან ახლავს კანონმდებლის განცხადება სახელმწიფო ღალატის შესახებ.

როგორც უკრაინული მედია წერს, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებში ისმის პეტრო პოროშენკოს, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერის ხმა.

უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“.

მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიკტორ შოკინის გადაყენებას, რის სანაცვლოდაც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას პირდება.

ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება უკრაინულ კომპანია „ბურისმას“, რომელშიც მმართველ თანამდებობას ჯო ბაიდენის შვილი იკავებდა.

დამოკიდებელი ექსპერტიზის დასკვმა აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა.

რადის წევრმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერები უკვე გადაეგზავნა პროკურატურას.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი უკრაინულ კომპანია „ბურისმაში“ 2014 წელს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. აშშ-ში ამ გადაწყვეტილებას ინტერესთან კონფლიქტის გამო კრიტიკა მოჰყვა.