უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება.

პრეზიდენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება.

შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კიევის ცნობით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ყირიმში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი.