უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინის მხარდაჭერა განიხილეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის განცხადებით, მან ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული ახალი გადაწყვეტილებებისა და რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა სტარმერს ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ბოლო საჰაერო იერიშების შედეგების შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იყო ბრიტანეთის შესაძლო მონაწილეობაც კიევ-პეჩერის ლავრას აღდგენაში,რომელიც 15 ივნისს რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა.

მხარეებმა დამატებით განიხილეს მიღწეული შეთანხმებების განხორციელება, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების შესაძლო მიმართულებები და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერების ნაბიჯები.