უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა - კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა - კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლაა

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, დარია ზარივნამ განაცხადა.

როგორც ზარივნა ტელეგრამარხში წერს, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია.

„რუსების მიერ კახოვკის ჰოდროელექტროსადგურის აფეთქება მაქსიმალური არაადეკვატურობაა. ეს ქმედებები დასახლებული პუნქტებისა და ბიოსფეროს განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. დასახლებული პუნქტების ნაწილი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ნიშნავს, რომ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე. ეს ეკოლოგიური ტერორიზმია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა.

მის ცნობით, კახოვკის კაშხლის აფეთქება ასევე საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან, შესაძლოა, პრობლემა შეექმნას რეაქტორების წყლით გაგრილების სისტემას.

უკრაინის კომპანია „ენერგოატომში“ ასევე აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში. „ენერგოატომის“ განცხადებით, წყალი კახოვკის წყალსაცავიდან აუცილებელია იმისთვის, რომ სადგურმა მიიღოს ნაკადი ტურბინების კონდენსატებისა და უსაფრთხოების სისტემებისთვის. ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.