უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით ახალ შეტევას გეგმავს
რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით ახალ შეტევას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაველ პალისამ განაცხადა.
პალისას თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დავალება მიიღო, შეემუშავებინათ რამდენიმე ვარიანტი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით შესაძლო ოპერაციისთვის.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან, ხოლო რუსეთის გეგმები ამ ეტაპზე მხოლოდ გეგმებად რჩება.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა შესაძლო საპასუხო, თავდაცვისა და წინააღმდეგობის ზომები. ამ დროისთვის ამ მიმართულებებზე შეტევითი დაჯგუფების ფორმირებას ვერ ვხედავთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც რუსებს რაიმე სახის შეტევითი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნა პალისამ.
მისივე განცხადებით, მოსკოვი უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნასაც გეგმავს.
„კვლავ ძალაშია ხარკოვისა და სუმის ოლქებში, ასევე ნაწილობრივ ჩერნიგოვის ოლქში, ბუფერული ზონის შექმნის გეგმები“, – განაცხადა პალისამ.
ამასთან, პალისას თქმით, რუსეთის გეგმებში კვლავ შედის დონბასის სრულად ოკუპაციაც, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ გეგმის განხორციელება არარელურია.
„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო ხელმძღვანელობას დონბასის საკითხის გადაწყვეტას, ანუ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლას, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ავალებს. თავის მხრივ, სამხედრო ხელმძღვანელობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არწმუნებს, რომ ამ ამოცანის მითითებულ ვადაში შესრულება არარეალურია და ვადის 31 მარტამდე გადავადებას ითხოვს. ჩემი სუბიექტური აზრით, 31 მარტამდეც კი, ამ მიზნის შესრულება არარეალურია“ – აღნიშნა პალისამ.