უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს, პიარის ნაცვლად საქმით დაკავდნენ
უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს, პიარის ნაცვლად საქმით დაკავდნენ

უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს, პიარის ნაცვლად საქმით დაკავდნენ. ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მოგიწოდებთ, შემდეგი ორი თვის განმავლობაში რადას ტრიბუნა პირადი პიარისთვის არ გამოიყენოთ და არ გადააქციოთ პარლამენტი ძველი პარტიების საარჩევნო მოედნად“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის ახალი პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს, დაამტკიცონ „რეფორმისტული კანონები, რომლებიც უკრაინელმა და დასავლეთის სპეციალისტებმა შეიმუშავეს“.

„ეს კანონები წლების განმავლობაში განხილვის სტადიაზე რჩება. ხალხი და ქვეყანა მათ მიღებას ელოდება“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის ახალი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინელი დეპუტატების საქმიანობამ „თითქმის სრულად გაანადგურა უმაღლესი რადას ლეგიტიმურობა“.

„არ გააფუჭოთ კანონები თქვენი ტრადიციული კორუფციული ილეთებით“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.