უკრაინის პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკრაინის არმიისთვის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განახლება დაავალა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკრაინის არმიისთვის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განახლება დაავალა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა შესაბამის უწყებებს უკრაინის არმიისთვის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განახლება დაავალა. ამის შესახებ შმიგალიტელეგრამარხში“ წერს. ახალი სისტემა პროდუქტებისა და საქონლის ფასის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

მისივე ცნობით, მან თათბირი გამართა თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან, აუდიტის სახელმწიფო სამსახურთან, უსაფრთხოების სამსახურთან და გამოძიების სახელმწიფო ბიუროსთან.

„დავავალე განახლებული სისტემის შემუშავება, რომელიც დააბალანსებს არმიისთვის შესყიდვებთან დაკავშირებით საიდუმლოების დაცვას და საზოგადოებრივ კონტროლს. ასეთი სისტემის აუცილებელი ელემენტი უნდა გახდეს პროდუქტებისა და საქონლის ფასების გამოქვეყნება“, – წერს შმიგალი.

​უკრაინის პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს საჯარო შესყიდვების ონლაინპლატფორმაზე სამხედრო საჭიროებებისთვის ცალკე განყოფილების შექმნას.

შეგახსენებთ, იანვრის შუა რიცხვებში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო უკრაინის არმიისთვის პროდუქტებს კიევის მაღაზიებში არსებულ ფასებზე 3-4 ჯერ ძვირად ყიდულობს. აღნიშნულ ცნობებს თავდაცვის სამინისტროში სიცრუე და მანიპულაცია უწოდეს. მოგვიანებით, თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპივალოვმა. უწყების შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ასევე ბოგდან ხმელნიცკი.